Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყაზახეთის გენერალური პროკურატურის აკადემიის დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტი თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე

2026 წლის 2-15 მარტის პერიოდში, სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის აკადემიასა და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, თსუ იურიდიულ ფაკულტეტს ესტუმრა დოქტორანტების ჯგუფი.

 

ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ მორის შალიკაშვილს, დეკანის მოადგილეებს – ასოცირებულ პროფესორ ვასილ გონაშვილსა და პროფესორ პაატა ტურავას. შეხვედრები დაეთმო დოქტორანტების საკვლევი თემების განხილვას, ქართული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გაზიარებას, შედარებით ანალიზს. ყურადღება ასევე გამახვილდა უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმასა და სამეცნიერო კვლევის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.

 

ვიზიტი ემსახურება აკადემიის დოქტორანტებისთვის, რომლებიც, ამავდროულად, სხვადასხვა სამართალდამცავი და საზედამხედველო ორგანოების პრაქტიკოსი იურისტები არიან, ქართული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობას სისხლის სამართლის თემატიკაზე. მათ, ასევე, აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბაზებით, აგრეთვე, შეხვდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის პერსონალს, გაიარონ კონსულტაციები სადოქტორო ნაშრომების თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

სტაჟირების პროცესს კოორდინაციას უწევს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზურაბ ბიჭოლაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ქართული სამართლის დოგმატიკისა და პრაქტიკის პოპულარიზაციას.

თარიღი: 16/03/2026